ინტერვიუ პროექტის ავტორთან ნანუკა თევზაძესთან.
“სალონური შეხვედრები” არის Georgian Space-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი პროექტი – ინტელექტუალური და ინსპირაციული სივრცე, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები ვიკრიბებით ერთმანეთის გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
Q: ნანუკა, როგორ დაიბადა სალონური შეხვედრების იდეა?
იდეა ძალიან ბუნებრივად, მეგობრულ გარემოში დაიბადა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შევხვდი ექიმ ქეთევან შავლიაშვილს, თავისი საქმის გამორჩეულ პროფესიონალს, რათა მიმეღო რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესის და კიბოს პრევენციის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების შესახებ.
ამ შეხვედრამ ერთ მნიშვნელოვან აზრამდე მიმიყვანა – ეს ინფორმაცია მხოლოდ ჩემთვის არ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სურვილი გამიჩნდა, რომ იგივე შესაძლებლობა ჩემს მეგობრებსაც ჰქონოდათ. სწორედ ასე, ქეთევანის მხარდაჭერით დაიგეგმა პირველი “სალონური შეხვედრა” – თავდაპირველად, ახლო და მეგობრულ გარემოში.
ამერიკაში ცხოვრებას დიდ შესაძლებლობებთან ერთად სერიოზული გამოწვევებიც მოაქვს – კარიერული განვითარება, ფინანსური სტაბილურობა, ახალი გარემოსა და განსხვავებულ სისტემასთან ადაპტაცია, პასუხისმგელობების ზრდა. ხშირად გვაკლია სივრცე, სადაც შეგვიძლია ამ თემებზე ღიად ვისაუბროთ, გავიზიაროთ გამოცდილება და გავაცნობიეროთ, რომ ამ გზაზე მარტო არ ვართ.
სწორედ ამ დეფიციტის შევსების შესაძლებლობა დავინახე ორგანიზებულ შეხვედრებში. გამიჩნდა სურვილი, ჩემი ყოველდღიური კომუნიკაცია მეგობრებთან, პროფესიონალებთან და აქტიურ ადამიანებთან გამეხადა უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
პირველი შეხვედრები მცირე მასშტაბის იყო, თუმცა მალე გამოიკვეთა, რომ ინტერესი ბევრად აღემატებოდა მოლოდინს. ადამიანებს სურდათ არა მხოლოდ მოსმენა, არამედ აქტიური მონაწილეობა, საკუთარი საქმიანობის გაზიარება და ახალი პროფესიული კავშირების დამყარება. პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს “შინაური” შეკრებების გარემოდან უფრო ფართო და პროფესიულ სივრცეში გადანაცვლება.
დღეს შეხვედრები ტარდება ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ჩემს სამუშაო სივრცეში – სადაზღვევო კომპანია Guardian Life-ის სააგენტო The Forest Hills Financial Group-ის ოფისში. როგორც კომპანიის თანამშრომელს, მაქვს შესაძლებლობა, ამ პრესტიჟულ და კომფორტულ გარემოში ვუმასპინძლოთ სტუმრებს.
დღეს თითოეულ ღონისძიებას საშუალოდ 35-40 სტუმარი ესწრება. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რაც იდეალური ფორმატია ღრმა, აზრიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის.
ასე გადაიზარდა “სალონური შეხვედრების” იდეა სტრუქტურირებულ და მზარდ პროექტად, რომელიც უკვე ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
Q: რას წარმოადგენს დღეს “სალონური შეხვედრები“? თქვენ ამბობთ, რომ “სალონური შეხვედრები” არ არის მხოლოდ ღონისძიება. რას გულისხმობთ ამაში? რა რეალური შედეგები და შესაძლებლობები იქმნება ამ სივრცეში?
დღეს “სალონური შეხვედრები” გაცილებით მეტია, ვიდრე ერთჯერადი ღონისძიება. ეს არის ქმედებაზე და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივა, რომელიც ქმნის რეალურ ღირებულებას მისი მონაწილებიისთვის.
ეს არის სივრცე, სადაც იდეები იბადება, ადამიანები ერთიანდებიან და შესაძლებლობები რეალობად იქცევა. თითოეული შეხვედრა ემსახურება არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებას, არამედ მოქმედების სტიმულირებას და ნაბიჯებს – ახალი თანამშრომლობების დაწყებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებას და პერსპექტიული ინიციატივების განვითარებას.
“სალონური შეხვედრები” არ არის უბრალოდ შეხვედრა – ეს არის საზოგადოება, რომელიც ერთად სწავლობს, იზრდება და ძლიერდება. ეს არის პლატფორმა, სადაც კავშირები ბუნებრივად გარდაიქმნება თანამშრომლობად, ხოლო გამოცდილება – ახალ შესაძლებლობად.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს სივრცე ქმნის მხარდაჭერის კულტურას. აქ ემიგრანტი არ გრძნობს თავს მარტო. ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც მსგავს გზას გადიან, იზიარებენ გამოცდილებას და მზად არიან ერთმანეთის გაძლიერებისთვის.
სწორედ ამაშია, პროექტის რეალური ძალა – ადამიანების გაერთიანებაში და მათ შორის ღირებული, გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნაში.
Q: რატომ ფიქრობთ, რომ ეს პროექტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბალოდ მორიგი ღონისძიება?
ეს არ არის უბრალოდ “ნეთვორქინგი”. ეს არის ინტელექტუალური და ინსპირაციული სივრცე, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს რეალურ და აქტუალურ თემებზე – ჯანმრთელობაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, კარიერულ განვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რომელთაც ემიგრანტები ამერიკაში ყოველდღიურად ვაწყდებით.
მოხარული ვართ, რომ ყოველ მომდევნო ღონისძიებაზე ახალი სახეები გვსტუმრობენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინტერესი მაღალია. ვამაყობთ, რომ ჩვენი Georgian Space Community ყოველდღიურად იზრდება.
Q: ვინ არის ამ პროექტის მთავარი აუდიტორია? ვის შეუძლია დაესწროს შეხვედრებს?
პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ცხოვრობს ან საქმიანობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.
არ აქვს მნიშვნელობა ახლად ჩამოსული ემიგრანტი ხარ, სტუდენტი, დამკვიდრებული პროფესიონალი თუ მეწარმე – “სალონური შეხვედრები“ ქმნის სივრცეს, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია მოძებნოს საკუთარი ადგილი, დაამყაროს ღირებული კავშირები და მიიღოს პრაქტიკული ცოდნა.
ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია განვითარების სურვილი და მზადყოფნა, გახდეთ ძლიერი და აქტიური საზოგადოების ნაწილი.
შეხვედრაზე დასწრება ყველასთვის ხელმისაწვდომია და უფასო, თუმცა ფორმატის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილები შეზღუდულია. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი კონტრიბუცია გააკეთონ “კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ქალების მხარდასაჭერ პროექტში” – Ribbon for Life • სიცოცხლის ლენტა. ეს არა მარტო ემოციურად ამაღლებს მოტივაციას, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს გაერთიანებას და საშუალებას გვაძლევს რეგულარულად შევხვდეთ ერთმანეთს, გავუზიაროთ გამოცდილება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ Georgian Space Community.
Q: რა თემებზე საუბროთ ყველაზე ხშირად შეხვედრებზე?
თითოეული შეხვედრის თემა განსხვავებულია, მრავალფეროვანი და ემიგრანტის ცხოვრებისთვის რეალურად აქტუალურ საკითხებს ფარავს, როგორიც არის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ფინანსური დაგეგმვა და დაზღვევა, კარიერული განვითარება, ბიზნესის შექმნა და გაფართოება, თანამედროვე ცოდნა და ინოვაციები, პიროვნული ზრდა და ლიდერობა.
შეხვედრები ინტერაქციულია – ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი გამოსვლა. აქ სიღრმისეული დიალოგი, აზრების გაცვლა, კითხვების დასმა და რეალური გამოცდილების გაზიარება ხდება. ყველა შეხვედრაზე გვყავს მოწვეული სპიკერები, წარმატებული თავიანთ საქმიანობაში, რესპოდენტები ვისაც სურთ თავიანთი საქმიანობა ან ბიზნესი გააცნოს საზოგადოებას.
ეს ფორმატი უზრუნვლეყოფს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ მონაწილეთა ჩართულობას, ახალი კავშირების შექმნას და სამომავლო შესაძლებლობების კარის გახსნას.
Q: რა არის თქვენი მთავარი ხედვა პროექტის მომავალთან დაკავშირებით?
“სალონური შეხვედრები” წარმოადგენს Georgian Space-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს და ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენს საქმიანობას.
პროექტის მიმართ არსებული მაღალი ინტერესისა და მზარდი გამოხმაურების გათვალისწინებით, ჩვენი მთავარი ხედვაა შეხვედრებს მივცეთ უფრო სისტემური და ინტენსიური ხასიათი – შევქმნათ რეგულარული, სტრუქტურირებული ფორმატი, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს ჩართულობის შესაძლებლობას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობრების და ბიზნეს პარტნიორებისგან. მათი ჩართულობა და ნდობა გავძლევს შესაძლებლობას, გავზარდოთ მასშტაბი, გავაუმჯობესოთ ხარისხი და შევქმნათ უფრო მდგრადი პლატფორმა.
წლის ბოლომდე დაგეგმილია არაერთი შეხვედრა – კალენდარი თითქმის სრულად არის გაწერილი. ამასთან, ჩვენი სტრატეგიული ხედვა სცდება ნიუ იორკს. მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია “სალონური შეხვედრების” ჩატარება საქართველოშიც თბილისსა და ბათუმში. აქტუალურ თემაზე, როგორიც არის “ემიგრანტებისთვის საქართველოში ინვესტიციის გზები უძრავ ქონებასა და ბიზნესში”, რაც პროექტს საერთაშორისო მასშტაბს სძენს და გვაძლევს შესაძლებლობას ამერიკაში და საქართველოში მცხოვრები პროფესიონალები ერთიან სივრცეში დავაკავშიროთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია “სალონური შეხვედრები” ჩამოყალიბდეს ძლიერ, მდგრად და ფართო საზოგადოებრივ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ქართველ პროფესიონალებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და აქტიურ მოქალაქეებს – ცოდნის, თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის პრონციპზე დაფუძნებით.