Alterbridge University – ნათია გოცაძე 

Alterbridge University – ნათია გოცაძე 

ინტერვიუ “Salon-Style Gatherings NYC • სალონური შეხვედრების” რიგით მესამე შეხვედრის სპიკერთან, ასევე“Georgian Space”-ის პარტნიორ “Alterbridge University”-ს დამფუძნებელთან და რექტორთან ნათია გოცაძესთან.

ნათია არის საჯარო მმართველობის დოქტორი (Ph.d.), პროფესორი, კომუნიკაციის ექსპერტი, ტრენერი და კონსულტანტი 20 + წლიანი გამოცდილებით.

საავტორო პროგრამები: სტრატეგიული კომუნიკაცია; ორგანიზაციული კულტურა, გუნდურობა და თანამშრომლობა; მიზნის მიღწევის ტექნიკები; არავერბალური კომუნიკაცია და ზეგავლენის ჟესტები;  ურთიერთობის ფსიქოლოგია და ადამიანების მართვა;  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი და კომუნიკაციის ფსიქოლოგია; მენტალური ალქიმია; პროფესია მშობელი და სხვ.

სჯერა, რომ მომავალი განათლებაშია!

ამბობს, რომ განათლებული საზოგადოება, ნიშნავს განვითარებულ ქვეყანას. ამიტომაც შექმნა უნივერსიტეტი ალტერბრიჯი და მისი საქმიანობით ყოველდღიურად უამრავი ადამიანისთვის ქმნის  განათლებით თვითრეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს.

Q: ნათია, როგორ აღმოჩნდით  n-Style Gatherings NYC • სალონური შეხვედრების” პროექტში და რა იყო თქვენი ჩართულობის მოტივაცია?

სალონურ შეხვედრებზე ჩემი დასწრება იყო სრულიად სპონტანური. ამერიკაში ჩამოვედი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ნანუკა თევზაძისგან გავიგე “Georgian Space”– ის აქტივობების შესახებ და რა თქმა უნდა, გამიჩნდა სურვილი შევხვედროდი ქართველ ემიგრანტებს. 

საქართველოში ხშირად მაქვს შეხება სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრებ ქართველებთან , როგორც სატრენინგო ფორმატში, ისე პირადი კონსულტაციების კუთხით და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიზიარებ მათ საჭიროებებს, თუ გამოცდილებას. რაღა თქმა უნდა, მათთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა ჩემთვის იყო უდიდესი სიამოვნება და სიხარული.

Q: თქვენ ხართ უნივერსიტეტ  “Alterbridge University”ის დამფუძნებელი და რექტორი. როგორ მოხვედით აქამდე?

ყველაფერი ერთ პატარა ოთახში, ერთი ტრენინგით დაიწყო. 2012 წელს შევქმენი საგანმანათლებლო ცენტრი PR აკადემია. მალევე შევკრიბე გუნდი, დავიწყეთ გრძელვადიანი პროგრამები და დავინახეთ, რომ სწავლების ის მეთოდები, რომლებსაც ვიყენებდით, მყისიერ სასიკეთო ცვლილებებს იწვევდა ჩვენს მსმენელებში. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავდით პიროვნული ტრანსფორმაციის, კარიერული წინსვლის ხელშესახებ  შედეგებს და სწორედ ამან გვიბიძგა, რომ ეს მიდგომები უმაღლესი განათლების სისტემაში გადაგვეტანა. აი ასე გაჩნდა უნივერსიტეტის შექმნის იდეა. 

მე ხშირად ვამბობ, რომ ,,ალტერბრიჯი ასწავლის იმას, რაც თავად არის“, რადგან ეს უნივერსიტეტი არის მაგალითი – თუ როგორ შეიძლება იდეა აქციო საქმედ, საქმე -წარმატებად, ხოლო წარმატება – ბედნიერებად!

Q: რატომ ,,ალტერბრიჯი“? რას ნიშნავს ეს სახელწოდება.

ალტერნატიული ხიდი! ეს არის სახელი, რომელიც ზუსტად მიესადაგება უნივერსიტეტის მისიას და საქმიანობას. ამ სახელწოდებით ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ვიყოთ ხიდი განათლებასა და დასაქმებას, პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას, მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის.  სწორედ ამას ასახავს ალტერბრიჯის სლოგანიც – Bridge The Future! რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ამოცანაა შევუქმნათ სტუდენტებს შესაძლებლობები, რომ თავად შექმნან საკუთარი ცხოვრება, ააგონ ხიდები სამყაროსთან, საკუთარ თავთან, წარმატებულ მომავალთან. შეეხიდონ და თვითონაც გახდნენ ხიდები ადამიანებისთვის.

Q: რა არის თქვენთვის წარმატება?

ხშირად საზოგადოება თავად გვიწესებს წარმატების კრიტერიუმებს და გვინდა, თუ არ გვინდა, სამიზნე ნიშნულებად სწორედ ეს კრიტერიუმები გვაქვს არჩეული. ამასთან, თითოეული ადამიანი მისი გამოცდილების, კომპლექსების, შიშების, მისწრაფებების, ღირებულებების კონტექსტში აღიქვამს ამ ცნებას. ამიტომაც წარმატების ერთიანი განსაზღვრების ჩამოყალიბება რთულია. 

ჩემთვის წარმატების ფორმულა ორი ტოლობის ნიშნით ყალიბდება – როცა მოლოდინი უდრის შედეგს და ამავდროულად,  ამ შედეგისთვის გაწეული ქმედებები უდრის შინაგან  ღირებულებებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გიყვარს ის, რაც მიიღე და დგება წარმატება, რომელსაც  ბედნიერება მოაქვს. რადგან წარმატებაა, როცა აღწევ შედეგს, რომელსაც ელოდი, ხოლო ბედნიერებაა, როცა ეს შედეგი გიყვარს!

Q: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი სურვილები მიზნებად ვაქციოთ?

ყოველი მოქმედება იწყება ფიქრიდან ,,მინდა’’!  ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ რისი კეთება გვანიჭებს სიხარულს და რა შეიძლება გახდეს ჩვენი თვითრეალიზების წყარო . შემდეგ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის, რაც გვინდა რეალურად საჭირო, მნიშვნელოვანი და საგებელის მომტანია ჩვენთვის. და მესამე, საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება –  რამდენად შეგვწევს ძალა გავაკეთოთ ეს. გვაქვს კი შესაბამისი ცოდნა-უნარები, რესურსები. და თუ არ გვაქვს – სად, და როგორ მოვიძიოთ ისინი..

როცა სამივე კითხვაზე გააზრებული პასუხია მიღებული, იქმნება თავდაჯერებულობა  და მოტივაცია, რომელიც ყველა წინაღობას გვაძლევინებს.

დაბოლოს მთავარია, არასოდეს შეგეშინდეთ მარცხის – რადგან მარცხი ყოველთვის თან ახლავს გაბედულ ნაბიჯებს. მოძრაობას ყოველთვის მოსდევს რაღაც, უმოძრაობას კი არაფერი და ამიტომაც, წარმატება მარცხის გარეშე ილუზიაა. 

გახსოვდეთ, ვინც მარცხის გემო არ იცის, ის ვერასოდეს მიხვდება გამარჯვების ნამდვილ სიხარულს. ცხოვრებაში, ხომ ყველაფერი შედარებითია:

თუკი არ გამოგიცდია შიში, ვერასოდეს გახდები გამბედავი…

თუ არ გიგრძვნია სიბრაზე, ვერ გაიგებ შეგიძლია თუ არა პატიება…

თუ არ დაგიკარგავს, ვერ მიხვდები, რამდენად ძვირფასი იყო ეს შენთვის…

Q: რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს. 

ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ვეტყოდი, რომ ჩემთვის ისინი არიან გმირები, რადგან მათი უმეტესობა გადის უაღრესად წინააღმდეგობრივ გზას და საკუთარ ცხოვრებას უძღვნის ოჯახის, ახლობლების კეთილდღეობას. 

ეს გმირობაა! და მაინც, მე ვფიქრობ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ბედნიერებისთვის და მისი ცხოვრება იყოს მისივე არჩევანი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვირჩევთ თვითმიძღვნის გზას, უნდა ვიცოდეთ არის თუ არა შედეგი იმის საპირწონე, რისი დათმობაც გვიწევს. 

ადამიანი ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ატყუებს და ეს იმიტომ ხდება, რომ არ გვინდა სიმართლემ ტკივილი მოგვაყენოს. ამიტომაც არის აუცილებელი გულწრფელობა საკუთარ თავთან. 

თვითშემეცნების პროცესი თითქოს  მარტივი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით იწყება –  ვინ ვარ მე? აი აქ, როცა ჩემი ოჯახიდან შორს უცხო ქვეყანაში ვქმნი სარგებელს მათთვის… 

ვინ ვარ მე? როცა ვუყურებ  მონატრებულ სახეებს  და გული მეკუმშება, რომ მათი ცხოვრება უჩემოდ გადის…

როცა ყოველდღიური რუტინა დღეებს, თვეებს და წლებს ერთ ბორბალში ატრიალებს .. ვინ ვარ მე ამ დროს? რას ვქმნი ამ მიძღვნის სანაცვლოდ და არის კი ეს ჩემი არჩევანი?

ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს იცხოვროს გააზრებული ცხოვრებით. ეს კი ნიშნავს, რომ შენი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს ნებელობითი აქტი – რომლის პროცესიც და შედეგიც შენი გადაწყვეტილებაა, შენი პასუხისმგებლობაა. ეს მიდგომა გვეხმარება ყველაზე რთულ მომენტებშიც კი გვჯეროდეს საკუთარი თავის, ყველფერში ვეძებოთ დადებითი მუხტი, ყველგან დავინახოთ თვითრეალიზაციის ალტერნატიული გზები და  გვქონდეს ძალა ვიყოთ ბედნიერი! 

Address:

1680 E 22nd St Unit 507 Brooklyn, NY 11229 United States

Copyright © 2022-2024 Manhattan

website By