ინტერვიუ “Salon-Style Gatherings NYC • სალონური შეხვედრების” რიგით მეორე შეხვედრის სპიკერთან, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი პრაქტიკოსი გეშტალტ-თერაპევტთან, ნატალია მუმლაური სტიურტთან.
Q: ნატალია, ჩვენი ჯგუფური შეხვედრის თემა იყო “სხვებზე ზრუნვა საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე“. როგორ მოხდა ამ თემის შერჩევა, რა განაპირობებს მის აქტუალობას?
თავიდანვე განისაზღვრა, რომ ჯგუფური შეხვედრის აუდიტორია იქნებოდა შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები. ჩემს პრაქტიკაში არსებულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობი, ემიგრანტების უმეტესი ნაწილი აქ სწორედ სხვებზე ზრუნვის გამო იმყოფება. როგორც წესი, ოჯახიდან ერთი ადამიანი იღებს მთელს პასუხისმგებლობას იზრუნოს ოჯახის საერთო კეთილდღეობაზე (თავისმხრივ, ეს უკვე დასაფიქრებელია: როგორ მოხდა რომ სწორედ თქვენ იტვირთეთ გადამრჩენლის როლი იჯახში?). ეს მისია იმდენად პრიორიტეტულია, რომ ემიგრანტს არ რჩება დრო და რესურსი მიხედოს საკუთარ თავს, ყურადღება მიაქციოს ემიგრაციისთვის დამახასიათებელ იმ ფსიქო-ემოციურ სიგნალებს, რომელთა შემჩნევა და მიხედვაც მისი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულება/ქცევა არ არის გაცნობიერებული, ავტომატურია, შესაბამისად ადამიანი ვერ საზღვრავს იმ ზიანის მასშტაბს, რაც სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავის დაკარგვას მოაქვს.
სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავის/საჭიროებების/სურვილების უგულებელყოფა, ცხადია მხოლოდ ემიგრანტების პრობლემა არ არის, მაგრამ რადგანაც აუდიტორია ემიგრანტები გახლდათ, თემა ადვილად გამოიკვეთა.
Q: თქვენი გამოცდილებით, რა იწვევს ყველაზე ხშირად საკუთარი თავის დაკარგვას და აქვს თუ არა გავლენა ბავშვობის გამოცდილებას?
ბავშობის გამოცდილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ზრდასრულის ქცევაზე. თუ ბავშვი იზრდებოდა გარემოში, სადაც მისი საზღვრები ხშირად ირღვეოდა (მაგალითად როცა ბავშვის “არა” უგულებელყოფილი იყო), არ შეეძლო საკუთარი ავთენტური “მე”-ს გამოხატვა (ესეიგი იკარგებოდა საკუთარი საჭიროებების გამოხატვის მნიშვნელოვნება), სიყვარული იყო პირობითი (თუ იმას გააკეთებდა რაც აღმზრდელს სურდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა “კარგი გოგო/ბიჭი”), კონკრეტული ქცევის განსახორციელებლად სჭირდებოდა აღმზრდელის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება და ა.შ. ეს ყველაფერი განაპირობებს მსგავს განზოგადებულ დასკვნებს ბავშვში: “მე ვეყვარები და მისაღები ვიქნები მხოლოდ მაშინ, თუ იმას გავაკეთებ რაც მათ სურთ (უარს არ ვეტყვი მათ სურვილებს); მე თუ სასარგებლო/გამოსადეგი არ ვიქნები მათთვის, მათ არ ვეყვარები/”ცუდი გოგო/ბიჭი” ვიქნები / მიმატოვებენ; და ა.შ. მსგავსი რწმენა-წარმოდგენები სამწუხაროდ არ გადაიხედება, არ გადამუშავდება ხოლმე მოზარდობისა თუ ზრდასრულობის ასაკში და ძველი, აწმყოში გამოუსადეგარი (ხშირად ზიანის მომტანი) ქცევით ვპასუხობთ აქ და ამჟამად სიტუაციებს. თუ ბავშვობაში დაგვასწავლეს, რომ ჩვენი საზღვრების არსებობა უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე უსაფრთხოების გარანტი, ბუნებრივია, ყოველგვარი ხერხით, ცნობიერად თუ არაცნობიერად ვეცდებით საზღვრების არ არსებობით “საფრთხე” ავირიდოთ.
Q: როგორ ამოვიცნოთ ის, რომ საკუთარ საზღვრებს ვერ ვიცავთ? არსებობს დამახასიათებელი ემოციური ან ფიზიკური სიგნალები, რომლებიც მიგვახვედრებს/მიგვანიშნებს ამ პრობლემას?
ამოცნობა შესაძლებელია ჩვენს სხეულზე დაკვირვებით. ჩვენი სხეული უამრავ მინიშნებას გვაძლევს. ის მთავარი ინდიკატორია ჩვენში მიმდინარე პროცესების და მან ყველაზე კარგად იცის რა არის ჩვენთვის სასარგებლო, საკმარისი თუ ზედმეტი. მნიშნელოვანი ისაა, რომ სხეულის მოსმენა ვისწავლოთ – გეშტალტ თერაპიის დროს სწორედ ეს უნარი გავარჯიშდება კლიენტში. მოსმენა გულისხმობს სხეულებრივი შეგრძნებების მიყურადებას, ამოცნობას და შეფასებას – რას მეუბნება, რა მასწავლის ჩემი სხეული კონკრეტულ სიტუაციაზე.
საზღვრების დარღვევა ნიშნავს, რომ თქვენ გიჭირთ ან საერთოდ ვერ ეუბნებით “არას” სხვის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ სანაცვლოდ “არას” ეუბნებით საკუთარ თავს: მაგალითად, ძალიან საჭირო დასვენების ნაცვლად სხვას მიეხმარებით, საკუთარ საქმეს გადადებთ და სხვის საქმეს გააკეთებთ, თქვენს ყოველდღიურობაში სხვისი ცხოვრება და მნიშვნელობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე თავად თქვენი… სხვების მუდმივი პრიორიტიზაცია და საკუთარის მუდმივი უგულებელყოფა, ბუნებრივია გამოიწვევს ბრაზს, გაღიზიანებას, უსარგებლობის შეგრძნებას, შფოთს. ფიზიკური გამოხატულება შეიძლება იყოს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, უძილობა, კუჭის პრობლემები, კუნთების დაჭიმულობა და სხვა ბევრი სომატური გამოხატულება.
Q: როგორ ამოვიცნოთ განსხვავება როდის არის ზრუნვა ჯანმრთელი და როდის — საკუთარი თავის უარყოფა?
ადამიანის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, სხვებზე ზრუნვა, ისევე როგორც მისი სხვების მიერ გათვალისწინების მოთხოვნილება, ჩვეულებრივი ამბავია. ჯანსაღია, როცა მე სხვაზე ზრუნვისას, ვანაწილებ ჩემს რესურსებს ისე, რომ ის საკმარისია სხვისთისაც და ჩემთვისაც. ამ დროს მოდის სისავსის, კმაყოფილების, სიმსუბუქის შეგრძნება. მაგრამ თუ მე ვზრუნავ იმიტომ, რომ თავი საჭიროდ ვიგრძნო, თავი ღირსეულად ვიგრძნო, შევინარჩუნო ურთიერთობა ადამიანთან რომელზეც ვზრუნავ – აქ დაფიქრება გვმართებს. თუ მთავარი ფიგურა, ვის ირგვლივაც ტრიალებს ჩემი ცხოვრება ხდება სხვა, ეს უკვე საკუთარი თავის უარყოფაა.
Q: როგორ გადავანაწილოთ ეს ჩვენი რესურსები ისე, რომ ერთდროულად ვიყოთ მზრუნველიც და საკუთარი თავიც არ დავკარგოთ? სხვაგვარად, როგორ ვთქვათ „არა“ პატივისცემით და მშვიდად?
როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია გავიწაფოთ სხეულებრივი შეგრძნებების ამოცნობაში, წაკითხვაში, გაგებაში. ცხადგრძნობა ჩვენი მთავარი მოკავშირე და დამხმარეა იმ უცნობ გზაზე, სადაც ჩვენ (ჯერ) არ ვიცით როგორ გადავანაწილოთ რესურსები ეფექტურად; მას შემდეგ კი რაც “მინდა/უნდა”-ს გარჩევას ვისწავლით, თერაპია კომუნიკაციის ენის დახვეწაშიც დაგეხმარებათ. ხშირად, პიროვნებას რომლისთვისაც ახალია (და უცნობი) საკუთარი პოზიციის, საკუთარი საჭიროების, “მინდა”-ს ამოთქმა და/ან დაცვა, უძნელდება სათქმელის ისე გადმოცემა, რომ ის გასაგები იყოს მეორე მხარისთვის. შესაბამისი, შესაფერისი პოზიციისა და სიტყვების გამოყენება ასევე თერაპიულ პროცესში სხეულთან მუშაობით და ვარჯიშით იხვეწება.
Q: როდის უნდა მივმართოთ თერაპევტს? და როგორ გვეხმარება ამ შემთხვევაში კონკრეტულად გეშტალტ თერაპია.
ნებისმიერ დროს და ეტაპზე. ასე იმიტომ გპასუხობთ, რომ ხშირად ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული რა ხდება მათ ცხოვრებაში. მათ არ იციან რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შესაძლებელია თერაპია დაიწყონ სხვა მიზეზითა და მიზნით და საზღვრების პრობლემა (და არა მხოლოდ) უკვე თერაპიული პროცესების დროს გააცნობიერონ. სხვა შემთხვევაა, როცა პიროვნება ცხადგრძნობებით ცხოვრობს და აცნობიერებს რომ მისი ყოფა მძიმეა იმის გამო, რომ სხვების მონაწილეობა ან სხვებზე ზრუნვის წილი მის ცხოვრებაში დიდია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სასურველია დაიწყოს თერაპია და აღმოაჩინოს არა მხოლოდ გამომწვევი მიზეზები, არამედ გამკლავებისთვის საჭირო რესურსებიც.
გეშტალტ თერაპია გვეხმარება ჩვენს სხეულთან გაწყვეტილი კონტაქტის აღდგენაში, ეს კი სწორედ იმ ცხადგრძნობების ქონის საწინდარია, რაც გვკარნახობს, სწორ ორიენტირს გვაძლევს იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენდასასარგებლოდ წარვმართოთ, ვიყოთ ჩვენი ცხოვრების შემქმნელები, ვიცხოვროთ სავსე და ჰარმონიულ პირობებში საკუთარ თავთან და გარემოსთან.
Q: ცოტა რამ თქვენზე: რა მომსახურებებს სთავაზობთ და როგორია თქვენი მუშაობის პროცესი? მუშაობთ თუ არა ონლაინ?
ინდივიდუალური თერაპიის მსურველებისთვის ვმუშაობ ონლაინ. ჯგუფური შეხვედრები კი ტარდება მხოლოდ პირისპირ.
ინდივიდუალური თერაპიის დაწყებამდე, პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კლიენტთან უფასოა, სადაც მას საშუალება ეძლევა გაარკვიოს ყველა ის საკითხი, რაც თერაპიულ პროცესს ეხება. სესიების დაჯავშნა ხდება ონლაინ, კალენდარული სისტემით, რომლის ნახვაც შესაძლებელია ვებგვერზე www.stewarttherapies.com
Q: როგორ განაგრძობთ პროფესიულ განვითარებას და რა გეგმები გაქვთ?
გეშტალტი ცხოვრების სტილია. შესაბამისად, ჩვენს პროფესიულ განვითარებას, რაც პიროვნული განვითარების პირდაპირპროპორციულია, ჩვენ ცხოვრებაში ვახორციელებთ. ამ მუდმივ ზრდა-განვითარებაში მეხმარება ყოველდღიური ცხოვრება/ურთიერთობები ცხადგრძნობით, პირადი თერაპიები, ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზიები, უწყვეტი ტრენინგები საქართველოს, ევროპისა თუ შტატების წამყვანი გეშტალტ თერაპევტებისგან/სკოლებიდან და, რა თქმა უნდა, ჩემი კლიენტები, რომლებიც თერაპიის დროს მათთვის მეგზურობის გაწევის უფლების მოცემით, ჩემს გამოცდილებასა და რესურსებს ამრავალფეროვნებენ.
რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, თქვენთან თანამშრომლობითა თუ დამოუკიდებლად, ვაგრძელებ ჯგუფურ შეხვედრებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის: “ქალურობა და სექსუალობა, როგორც სიცოცხლის ენერგია”, “როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მე რომ ის ვიყო, ვინც ვარ”, ბუნებრივია გაგრძელდება მუშაობა იმაზეც, თუ “როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ სხვაზე, საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე”.
Q: რა გზავნილს მისცემდით სტუმრებს?
ჩვენი თემიდან შორს რომ არ წავიდეთ ასე ვიტყოდი, იმისთვის რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ სხვაზე ზრუნვაში, ჯერ უნდა იპოვოთ საკუთარი თავი. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მინდა? ეს “მინდა” ჩემია თუ სხვისი/ჩემი საჭიროებაა თუ სხვისი?“, აიღეთ პაუზა და შეამჩნიეთ საკუთარი სხეულებრივი შეგრძნებები.